პირველი ზითისხილის ბაღები გაშენდა 7 წლის წინ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და ქართული დიასპორის თანადგომით, კომპანია  "ჯეოლავის" მიერ. ბაღების გაშენების შემდეგ მომზადდა პროექტი, რომლის ფარგლებშიც აშენდა პირველი ქართული ზეთისხილის გადამამუშავებელი საწარმო, რომელიც დაფინანსდა სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოს ფარგლებში“. 

პირველი "ქართული ზეთისხილის" საწარმო სიღნაღის რაიონის სოფელ საქობოში მდებარეობს, რომელიც ქართულ–თურქული ინვესტიციით გაიხსნა და მის მიერ წარმოებული პროდუქცია უკვე საცალო გაყიდვაშია. იგი ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი, რაც საშუალებას იძლევა აწარმოოს უმაღლესი ხარისხის, კონკურენტუნარიანი ქართული პროდუქტი. 
კომპანიის დამფუძნებლები არიან: გიორგი სვანიძე, აჰმედ ქაჰრამანი (მუჰაჯირი ქართველი თურქეთიდან) და ალი სამი ოზელი.  
ამჟამად, პირველ ეტაპზე, საწარმომ 30 ტონა ზეთისხილი გადაამუშავა. მომავალში, სეზონზე, რამდენიმე ასეული ტონა ზეთისხილის მარინადისა და ექსტრა ვირჯინის უმაღლესი ხარისხის ზეთისხილის ზეთის წარმოებაა დაგეგმილი. გარდა ამისა, დაგეგმილია წიბწის, ბროწეულისა და ატმის კურკის ზეთის წარმოებაც. 
კომპანიის ერთ-ერთი მიზანია, პროდუქცია ამიერკავკასიის ქვეყნებში, ამერიკაში, ევრობასა და დსთ-ს სივრცეში გაიტანოს. პროექტის ფარგლებში დასაქმებულია 200 ადამიანი.
დღესდღეობით, ზეთისხილის პლანტაციები, კახეთის გარდა, გაშენებულია ბაღდათსა და მარნეულში.
საწარმო ISO 22000 სტანდარტის მფლობელია.